44.
2016 წლამდე გამოშვებულ ლარის ბანკნოტებზე დატანილია ეროვნული ბანკის პრეზიდენტისა და ფინანსთა მინისტრის ხელმოწერები. შეიცვალა თუ არა რაიმე განახლებულ ბანკნოტებზე ამ კუთხით?

ლარის განახლებულ ბანკნოტებზე დატანილია მხოლოდ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ხელმოწერა, იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს კონსტიტუციისა და „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ ორგანული კანონის თანახმად, ლარის ბანკნოტების დამზადებისა და ემისიის უფლება მინიჭებული აქვს მხოლოდ ეროვნულ ბანკს, რომელიც დამოუკიდებელია თავის საქმიანობაში.

2016 წლამდე გამოშვებულ ლარის ბანკნოტებზე ფინანსთა მინისტრის ხელმოწერის არსებობა შინაარსობრივად არ შეესაბამება მსოფლიოში ამ კუთხით მიმოქცევის დანიშნულების ბანკნოტებისათვის აუცილებელი რეკვიზიტების გამოყენების პრაქტიკას. დაკვირვებამ გვიჩვენა, რომ თითქმის ყველა შემთხვევაში მსოფლიოში გამოშვებულ ბანკნოტებზე დატანილია მხოლოდ იმ ემიტენტი დაწესებულებების თანამდებობის პირთა ხელმოწერები, რომლებიც პასუხისმგებელი არიან ქვეყნის მონეტარულ პოლიტიკაზე ფასების სტაბილურობის უზრუნველყოფის თვალსაზრისით და ამავე დროს, აქვთ ფულის ნიშნების, როგორც გადახდის კანონიერი საშუალების ექსკლუზიური ემისიის უფლება.

ასევე აღსანიშნავია, რომ ლარის ბანკნოტების განმეორებითი დამზადების პროცესში, ერთ-ერთი ხელმომწერი თანამდებობის პირის ცვლილების შემთხვევაში (რისი პრაქტიკაც არაერთხელ გვქონია), საჭირო ხდება ორიგინალური მასალების გადაკეთება ან ხელახალი დამზადება, რაც გარკვეულწილად იწვევს როგორც ბანკნოტების წარმოების ფასების, ასევე მათი მოწოდების ვადების გაზრდას.

აღნიშნულის გათვალისწინებით, ეროვნულმა ბანკმა მიიღო გადაწყვეტილება ლარის განახლებულ ბანკნოტებზე მხოლოდ მათი ემიტენტი დაწესებულების ხელმძღვანელი პირის ხელმოწერის დატანის შესახებ.