14.
რა პრობლემები ჰქონდა 2016 წლამდე გამოშვებულ ლარის ბანკნოტებს?

თანამედროვე პრაქტიკის გათვალისწინებით, შეიძლება ითქვას, რომ ვიზუალური თვალსაზრისით 2016 წლამდე გამოშვებული ლარის ბანკნოტები ნომინალურ ჭრილში მთლიანობაში არ ქმნიდა ერთიანი ოჯახის შთაბეჭდილებას. საერთაშორისო პრაქტიკაში განვითარებული მზარდი ტექნოლოგიების გათვალისწინებით, როგორც ვიზუალური, ისე ხარისხობრივი თვალსაზრისით აღნიშნული ბანკნოტები უკვე მოძველებულია და აღარ პასუხობს მსოფლიოში ბანკნოტების წარმოების სფეროში განვითარებულ ისეთ ტენდენციებს, როგორიცაა:

ბანკნოტები თეთრი არეებისა და ჩარჩო-კონტურების გარეშე, რაც ასევე გამართლებულია დაბინძურებისადმი მდგრადობის გაზრდის თვალსაზრისით;

ყველა ნომინალისთვის იდენტური გაფორმებისა და ბეჭდვის სტილი, მათი მოსახლეობის მხრიდან უკეთ აღქმის თვალსაზრისით;

მკვეთრი კონტრასტი სხავადასხვა ნომინალის ბანკნოტების ფერებს შორის, რაც ამცირებს ნომინალების ერთმანეთში არევის რისკს

ბანკნოტებზე გამოყენებული ძირითადი სიუჟეტის დომინანტურ და კონტრასტულ ფერთან შეხამებული პოლიგრაფიული გაფორმების დეტალები და მუარისებული ბადეები ფერთა გრადაციის მრავალფეროვნებისათვის, რაც საუკეთესო ბარიერია ყალბი ფულის დამამზადებელთათვის.

მკვეთრი კონცენტრირებული ინტაგლიოს ხაზებით შესრულებული პორტრეტები მათი გაყალბებისაგან უკეთ დაცვისა და ასევე ვიზუალურ-ესთეტიური მხარის გაუმჯობესების თვალსაზრისით;

პრიორიტეტული მიდგომა ბანკნოტების მაღალტექნოლოგიურ მანქანის საკითხავ დამცავ ნიშნებთან მიმართებაში, რაც გამოწვეულია სწრაფი გადახდის ავტომატური საშუალებების განვითარებითა და მათზე მოთხოვნით;

ბანკნოტების საერთო იერსახის ერთიანი კონცეფცია, რაც გულისხმობს, რომ დიზაინის შემადგენელი დეტალები მაქსიმალურად უზრუნველყოფდეს დამცავი ნიშნების მოქნილ ინტეგრაციას და ჰარმონულიად ეთავსებოდეს ერთმანეთს;

- სხვადასხვა ნომინალებზე განსხვავებული სახისა და დიზაინის მქონე დამცავი ნიშნების გამოყენება, რაც ხელს უშლის ნომინალის ფალსიფიცირებას.